თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში ფონდ “იავნანასა” და ტელეკომპანიის “მზე” ორგანიზებით დედის დღისადმი მიძღვნილი საქველმოქმედო კონცერტი გაიმართა. მონაწილეობდნენ ცნობილი დედა-შვილები: სოფიკო ჭიაურელი და ნიკუშა შენგელაია, თამრიკო ჭოხონელიძე და მარიამ როინიშვილი, ეკა მამალაძე და ნატალია ქუთათელაძე, ირმა სოხაძე და ნატუკა ასათიანი, ნიკა მემანიშვილი და ლამარა ისაკაძე, ინგა ბერიძე და გიგი გეგელაშვილი. აგრეთვე, გურამ საღარაძე, მურმან ჯინორია, სტუ ვაჟთა სახალხო კაპელა ციცინო ფალავანდიშვილის ხელმძღვანელობით. საღამოს, რომელიც ტელეკომპანიის “მზე” პირდაპირი ეთერით გადაიცემოდა, უძღვებოდა ჟურნალისტი მარინა სალუქვაძე, რეჟისორი – გია კიტია. ტელემარათონის დასასრულს, მაყურებელთა ზარებით შემოსულმა თანხამ 10 000 ლარი შეადგინა. 2006 წლის 3 მარტს შეიქმნა “იავნანა” პირველი სამი სამეგობრო, ბავშვთა სახლიდან ამ დღეს 5 ბავშვი დაუბრუნდა საკუთარ დედასა და ოჯახს.
საღამოს გენერალური სპონსორი – “ცენტრ-პოინტი”.


