მონსერატ კაბალიეს საქველმოქმედო აქცია-კონცერტი.

მონსერატ კაბალიეს საქველმოქმედო აქცია – კონცერტი

14 დეკემბერს პაატა ბურჭულაძის მოწვევით თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში ქალიშვილთან მონსერატ მარტისთან ერთად საქველმოქმედო კონცერტი გამართა საოპერო ხელოვნების ლეგენდამ მონსერატ კაბალიემ. აქციაში მონსერატ კაბალიეს პირადი ინიციატივით მონაწილეობდა თბილისის კონსერვატორიის მე-4 კურსის სტუდენტი მარიკა გულორდავა, ოპერისა და ბალეტის თეატრის სიმფონიური ორკესტრს დირიჟორობდა ცნობილი ესპანელი მაესტრო ხოსე კოლადო. საღამოს წამყვანმა ნინო არაზაშვილმა კონცერტის მსვლელობისას მოულოდნელად სცენაზე მოუხმო ბატონ პაატა ბურჭულაძეს. მსოფლიო ბანი მაყურებლის წინაშე 12 მოზარდთან ერთად შესაწირი ყულაბით ხელში წარსდგა. მან საზოგადოებას ამცნო, რომ დახმარება ესაჭიროებოდა ოჩამჩირეში მცხოვრებ გოგონას ქრისტინეს, რომელსაც სხეულის მძიმე დამწვრობა ჰქონდა მიღებული. საოპერაციო თანხა 20 500 ლარს შეადგენდა.

პირველი შემოწირულობა მონსერატ კაბალიემ და მონსერატ მარტიმ გაიღეს, მათ 3000 აშშ. დოლარი ჩააგდეს ყულაბაში, ბავშვის დასახმარებლად 5 ათასი ლარი გაიღო კომპანიამ “GEORGIAN TRADE CORPORATION” ამ კეთილ საქმეში მთელი დარბაზი აქტიურად ჩაერთო. ქრისტინეს კონცერტიდან სულ რაღაც ერთი კვირის შემდეგ საჭირო ოპერაცია გაუკეთდა. ამ დღეს სამ მრავალშვილიან ოჯახს გადაეცა ბინის გასაღები, 28 ბავშვი დაუბრუნდა საკუთარ ოჯახს. პირველი ბედნიერი დედა მარინა ქანდავაძე იყო, რომელიც 7 შვილთან ერთად საერთო საცხოვრებელში ცხოვრობდა 15 კვ.მ ფართობის ოთახში. ამის გამო, მისი 4 შვილი ბავშვთა დღის ცენტრში იყო მიბარებული. ქალბატონი მარინა ქანდავაძე თავის შვიდ შვილთან ერთად საკუთარ სამოთახიან ბინაში გადავიდა საცხოვრებლად. არასამთავრობო ორგანიზაცია “USAID” და “SAVE THE CHILDREN” თანადგომითა და შუამდგომლობით დანიურმა სახლმა საჩუქრად ავეჯი, ხოლო კომპანია “ბეკომ” საყოფაცხოვრებო ტექნიკა გადასცა. ბინის გასაღები ოჯახს კომპანია რეალითი გრუპის ხელმძღვანელმა იავნანას მუდმივმა მხარდამჭერმა ბატონმა ალექსანდრე გოცირიძემ გადასცა.
სამხრეთ ოსეთში მცხოვრებ ღერკენაშვილების 7 შვილიან ოჯახს ბინის გასაღები საქართველოს პრემიერმინისტრმა ბატონმა ლადო გურგენიძემ გადასცა. ოჯახი საკუთარი ხელით ნაშენ ბარაკული ტიპის ერთ ოთახში ცხოვრობდა, ეს ფართი სამი საწოლის გარდა არაფრის დადგმის საშუალებას იძლეოდა. 14 დეკემბრიდან ვალერი, კონსტანტინე, ტარიელი, მარიამი, თამარი, თორნიკე,  ნოდარი, მშობლებთან ერთად სოფელ თამარაშენში, საკუთარ 2 სართულიან სახლში გადავიდნენ. სახლი ღერკენაშვილების ოჯახისთვის კომპანია “კალასმა” გაარემონტა. მესამე ბედნიერი ოჯახი 14 შვილიანი მუკბანიანების ოჯახი გახლდათ. ფონდმა “იავნანამ” ოზურგეთის რაიონში, ოზურგეთის რაიონის გამგეობისა და პირადად მისი გამგებლის ბატონ ვალერი ჩიტაიშვილის თანამონაწილეობით ამ ოჯახს საკუთარ ორსართულიან სახლი შეუძინა ბინის გასაღები მუკბანიანების ოჯახს თავად მსოფლიო ლეგენდამ მონსერატ კაბალიემ გადასცა.

  საღამოს უძღვებოდა  ნინო არაზაშვილი
მხატვარი  დავით აფციაური
რეჟისორი  გია კიტია
გენერალური სპონსორი  “საქართველოს ბანკი”

Free WordPress Themes, Free Android Games